გიორგი გახარია ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევს

„ჩვენთვის პრიორიტეტია ზრუნვა ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას,“ – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა და ეკონომიკურ გუნდს დავალება მისცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური.

„პირველ რიგში დღეს ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ პრიორიტეტია ზრუნვა ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, მაგრამ დროებითი გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები