კორონავირუსის გამო, ნორვეგიამ ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ნორვეგიამ ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ქოლდ რისპონს“ (Cold Response) გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუნე იაკობსონმა განუცხადა.

„კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რთულ პერიოდში საზოგადოებას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა იაკობსონმა.

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება „ქოლდ რისპონსი“ 2 მარტს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, არქტიკის რეგიონში დაიწყო. წვრთნები 18 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო. 12 მარტიდან საველე სწავლებაში ნატო-ს წევრი მოკავშირე ქვეყნების – ბელგიის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედროები უნდა ჩართულიყვნენ.

გასულ კვირას ნორვეგიაში სამხედრო ბაზა დაიხურა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში ვირუსის ერთადერთი შემთხვევაა ამ ეტაპისთვის, თუმცა კარანტინში 240 სამხედრო იმყოფება.

ნორვეგიაში კორონავირუსის 629 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი თემები