კორონავირუსთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის სპეციალური ბრძანება გამოიცემა

“მომდევნო 12 საათის განმავლობაში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შედეგის შენარჩუნებას სჭირდება ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამსახურებსა და საზოგადოებას შორის სრული თანამშრომლობა.

„თქვენ იცით, რომ პარლამენტში თავიდანვე მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომლებიც იყო რეკომენდებული, შემდეგ გავაფართოვეთ ეს ზომები. მინდა გაცნობოთ ასევე, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ეს იქნება ძირითადად თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობენ მაღალი გავრცელების ქვეყნებში. ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი, პარლამენტის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები