დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას უწოდებს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას შეხმატკბილებულ გარიგებას უწოდებს.

„ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ახლა 30  მაჟორიტარს რომ თანხმდებიან,  და  რომლებიც მაჟორიტარობის აპრიორი წინააღმდეგნი იყვნენ, მათ მინდა ვკითხო, საარჩევნო კამპანიას როგორ შეასრულებთ. კი არ მინდოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იძულებული გამხადა, ამიტომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ  ახლა ამირჩიეთ და მერე აღარ გნახავთ?!

20 ივნისს მე ხალხის გადაწყვეტილებას დავუჭირე მხარი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ამ ოპოზიციის ნაწილი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი ამ ოპოზიციას და ახლა მითუმეტეს გაათმაგებული ძალებით გავაგრძელებ, რადგან  ეს ორი ძალა ძალიან ბედნიერები გამოიყურებიან ასე შეხმატკბილებულები.

გასაგებია, რომ 120 დეპტატი სიით, ნამდვილად ჯობია ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ იმ დანარ ჩენი 30-ის ბედი?! ფაქტია, 10 მაჟორიტარს აძლევენ ქალაქებს, სადაც „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების  პირველი ტური პირწმინდად წააგო და ახლა აქცენტები გადააქვს რეგიონებში, სადაც მანიპულირების მეტი საშუალება აქვს; ამასთან იქმნება იმხელა ოლქები, სადაც მაჟორიტარები თავის ფუნქციებს უბრალოდ ვერ შეასრულებენ; ან ერთმა კანდიდატმა როგორ უნდა „იომოს“ ხუთი გამგებლის წინააღმდეგ? და როდესაც ამ ყველაფერზე თანხმდები, ე.ი. ხელისუფლებას აძლევ „ფორას“. იმ ხელისუფლებას,  რომელმაც ხან სამი თითი გვაჩვენა, ხანაც „თემა დახურა“…

მოკლედ, ახლა ვუყურებთ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტკინებული ოპოზიციის და იმ უსუსური ხელისუფლების გარიგებას, რომელსაც დაპირების კი არა, მუქარის შესრულებაც არ შეუძლია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები