ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირება დღეიდან ელექტრონული პორტალითაც შესაძლებელია

საქართველოში მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებაში დღეიდან, ახალი ელექტრონული პორტალი – portal.businessombudsman.ge დაეხმარება. პო​რტალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კოპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტს შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნო (SECO) აფინანსებს.

პორტალის წარდგინება სასტუმრო “რედისონში” დღეს გაიმართა, სადაც საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი პორტალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიში წარმოადგინეს.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ბისნესომბუდსმენის არსებობა გულისხმობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, რისკების მართვას, ტექნიკური ხასიათის კონსულტაციას, საბანკო სექტორთან და სასამართლო სისტემასთან ურთიერთობაში დახმარებას და ა.შ.
​მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ არის შექმნილი და შესაბამისად იმედოვნებს, რომ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები საქართველოს ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებენ.

ლექვინაძის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 2 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციაა განხორციელებული.

​რაც შეეხება პორტალს, როგორც ​ლევან კალანდაძე განმარტავს, ახალი ვებ პორტალი მეწარმეებს მათ წინაშე მდგარი საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება, რაც ინვესტიციების და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. პორტალის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ ელექტრონული ფორმით დაუკავშირდნენ ბიზნესომბუდსმენს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

„ბიზნესომბუდსმენის პორტალი კიდევ უფრო გაუმარტივებს მეწარმეებს პრობლემა ჩვენამდე მოიტანონ,  ხოლო ჩვენ დაგვეხმარება ვიყოთ კიდევ მეტად ეფექტიანები მათთან კომუნიკაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით შევძლებთ ვაწარმოოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის ზუსტი სტატისტიკა და ჩვენი მუშაობის შედეგები გახდება მეტად გაზომვადი”, – აცხადებს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, ახალი პორტალი ასევე იძლევა საშუალებას, ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ გაკეთდეს ზუსტი ანალიზი.

ამ თვალსაზრისით ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო სტატიკა მიაწოდა. კერძოდ, რეგიონების თვალსაზრისით ყველაზე მეტი კომპანია – 64%, თბილისშია რეგისტრირებული, მას მოსდევს აჭარა – 10%, შემდგომ კი მოდიან: შიდა ქართლი, სამეგრელო, გურია, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი და 1%-ით სვანეთი.

​ირაკლი ლექვინაძის თქმით, რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს სათანადო ინფორმაციის არ ქონა, ამიტომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიურობა და ჩართულობა.

“რეგიონებში ძალიან რთულია გამართული პასუხების მიღება, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორისთვის. როდესაც ის ჩადის საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში და სურს გაეცნოს იმ რეგიონის ბიზნეს-პოტენციალს, ძალიან ცუდია უკუკავშირი. ადგილობრივ მცხოვრებლებს არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია ამ მიმართულებით”, – აცხადებს ლექვინაძე.

მისივე განმარტებით, ბიზნესომბუდსმენთან კომუნიკაცია მეწარმეებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ომბუდსმენი დაეხმარება მათ მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში, პრობლემების მოგვარებასა და კონსულტაციებში.

“80-მდე რეკომენდაცია გვაქვს ამ ხნის განმავლობაში გაცემული. არ გვიჭირს ურთიერთობა არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, კერძოდ, შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებისას. ამ ეტაპზე საქართველოს ბიზნეს გარემოში არის რამდენიმე გამოწვევა, მათ შორის უპირველესია სასამართლო მიმართულება, პროცესებისა და დავების დროში გაჭიანურება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში”, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

​სასტუმრო “რედისონში” შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

მისი თქმით, კერძო კომპანიებში ინვესტირებისა და საკონსულტაციო მომსახურების პარალელურად, მათი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბიზნეს რეგულაციების მეტი ეფექტიანობისა თვალსაზრისით, რათა ისინი ინვესტორთა ინტერესებზე მორგებული იყოს.

“ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ჩვენი მხარდაჭერით შექმნილი ბიზნეს ომბუდსმენის პორტალის ამოქმედება. ვიმედოვნებთ, რომ ბევრ სხვა რეგულაციასთან ერთად, ეს პორტალი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის წარმოების კიდევ უფრო გაადვილებას“, – განაცხადა იან ვან ბილსენმა.

მსგავსი თემები