ინტერნეტი გრაფიკით –  უპასუხისმგებლო „მაგთის“ ახალი მომსახურება

კომპანია „მაგთის“ ინტერნეტმომსახურებით უკმაყოფილო მოქალაქემ მედიაცენტრ “მთავარს” წერს.  მოქალაქე  კომპანიას კლიენტების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს.

მედიაცენტრი „მთავარი“ მოქალაქის მოსაზრებას სრულად გთავაზობთ: „როგორც ჩანს, „მაგთიმ“ მომსახურების ახალი პაკეტი შემოიღო და გვიმალავს. ვაშლიჯვარში ინტერნეტი აშკარად გრაფიკით მოგვეწოდება. ყოველ დღე, ინტერნეტი თითქმის ერთი და იმავე დროს ითიშება. 15:00 -ზე წავა და მოვა ხან 18:00-ზე, ხანაც უფრო გვიან. რამდენჯერაც კომპანიაში დავრეკეთ, პასუხები სტანდარტულია, თითქოს ოპერატორს კი არა, რობოტს ვესაუბრებოდეთ. ყველას ერთი და იმავეს გვპასუხობენ, – ტექნიკური შეფერხებაა. როცა ვეკითხები, ტექნიკური შეფერხება ერთი და იგივე დროს როგორ ხდება, რობოტივით იმეორებენ, რომ ტექნიკური შეფერხებაა. შარშანაც, ზაფხულში, ანალოგიურად გაგვაწამეს. ერთი და იგივე დროს მიდიოდა და მოდიოდა ინტერნეტი. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მაგარი მზე როცა იყო, ინტერნეტი არ გვქონდა, როგორც კი მზე ჩავიდოდა, ინტერნეტი ირთვებოდა. როგორც გავარკვიეთ, ყუთი ისეთ ადგილას გქონდათ დამონტაჟებული, როგორც კი მზის სხივი მიადგებოდა, რაღაც ემართებოდა…. ახლაც, აწყობილები ვართ მზის სისტემაზე – მზე ამოვა, ინტერნეტი მიდის, ჩავა – მოდის.

„მაგთი“ სამარცხვინო, უპასუხისმგებლო კომპანიაა, რომელიც „კლიენტებისგან“ ფულს იპარავს და იმ მომსახურებას არ აწვდის, რაშიც ჩვენ ფულს ვიხდით. არადა, 1 საათით რომ დაგიგვიანდეს თანხის გადახდა, ინტერნეტს თიშავენ!

დღეს პირადად 4-ჯერ მომიწია დარეკვა კომპანიაში, პირველ ჯერზე მითხრეს მალე ჩაირთვებაო, მეორეზე – 6-ზეო, მესამეზე – 8-ზეო და მეოთხედ რომ დავრეკე 9-ზე ჩაირთვებაო. ზუსტად იმ დროს ვრეკავდი, როცა ინტერნეტი უნდა ჩართულიყო და ყოველ დარეკვაზე ახალ დროს მეუბნებოდნენ, ბუნებრივია 1 საათით გადავადებულს.

თან, მათთან დაკავშირება როგორი მარტივია, ალბათ, გეცოდინებათ, საათობით მაგთის მელოდიებს რომ უნდა უსმინო, ოდესღაც დაუკავშირდები და პასუხი რომ არ აქვთ და ტელეფონს გითიშავენ – გადასარევი მომსახურება!

ეს არის არასანდო „კომპანიის“ არასანდო მომსახურება, რომლის იმედად ვერასდროს იქნები. ადამიანს სასწრაფო საქმე თუ აქვს, გასაგზავნი გაქვს დოკუმენტაცია და ელოდები ყოველ ჯერზე სხვადასხვა დროს რომ გეუბნებიან. თან, ეს არ ხდება ერთჯერადად, ასეა ხშირად – უპასუხისმგებლო და ყველაზე დაბალი დონის კომპანია „მაგთი“ ინტერნეტის დაზოგვით მოსახლეობაზე აკეთებს ფულს და გვაწვდის ინტერნეტს გრაფიკით!

მიაქციეთ ვინმემ ყურადღება, ამდენი პროფესორი და მაკონტროლებელი რომ გვყავს ქვეყანაში. კი, ნამდვილად ასეა – ინტერნეტი გრაფიკით და ამ გრაფიკს აწესებს უპასუხისმგებლო კომპანია.

საბოლოოდ, ინტერნეტი ღამის 10.ის 15 წუთზე ჩაირთო”, – წერს მოქალაქე.

მსგავსი თემები