„თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს“ – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც გნცხადებაშია ნათქვამი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.
„დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიას. განცხადებას უნდა ერთვოდეს:
1. პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;
2. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს);
4. განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული;
5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“. მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შემოტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000-მდე ლარია.“ – ნატქვამია განცხადებაში.