” შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ” – მამუკა მდინარაძე

“მე პირადად ამ შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ და ვერ ვხედავ, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ჩვენს ოპონენტებს. ისინი დღეს აპელირებენ, თითქოს შეთანხმება შედგა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაერეოდნენ მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში ” – ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ შეთანხმების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს: “შეთანხმება შედგა საპირისპირო რამეზე, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან. ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. საზოგადოებას თავიანთი ხელით კიდევ ერთხელ წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ გავიდნენ იმ შეთანხმებიდან, რომელიც ვითომ პირველ დღეს გაუხარდათ და იზეიმეს, ეს მათი პოლიტიკური რისკია. მერე ელაპარაკონ ქართულ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, რომელთა დიდი ძალისხმევით მოხდა ამ შეთანხმების მიღწევა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ რაღაცა მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით. ამას ისინი ვერ შეძლებენ და თუ შეძლებენ, გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს. თუ მათი მიზანია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში აიღოს 70-80%, ღმერთმა გაუმარჯოთ, ამ ლეგიტიმაციას ბოროტად არ გამოვიყენებთ,”- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები