“ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა დაავადება არ გადავიდეს მათზე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განმარტებით, განსაკუთრებით უნდა მოვუფრთიხლეთ ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა ისინი არ დაავადდნენ.

“ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლირებადია, რადგანაც აქ ან შემოტანილი შემთხვევებია ან დაფიქსირებულია შემოტანილ შემთხვევებთან ასოცირებული შემთხვევები. 28 ანალიზის პასუხი მოვიდა ახლა და ყველა უარყოფითია. დიდი პანიკაა ბაკურიანში, სადაც იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ყოფილიყო ინფიცირებული და მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ არ დადასტურდა.

დღეს უკვე დაფიქსირდა ესპანეთიდან იმპორტირებული შემთხვევა. მართალია ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვირუსის ფართო გავრცელება არ არის, მაგრამ, სანამ ისეთი ოფიციალური ღონისძიებები ჩატარდება როგორც ეს ხდება იტალიის, ირანის, ჩინეთისა თუ სამხრეთ კორეის შემთხვევაში, მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ. სასურველია, გამოიყენონ თვითიზოლიციის რეჟიმი ამ ქვეყნებიდან შემოსულმა ადამიანებმაც. მოვუფრთხილდეთ ჩვენს დედებს, ბებიებს, ბაბუებს. ძალიან ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა დაავადება არ გადავიდეს მათზე”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები