“არავის მივცემთ საშუალებას, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს უპირატესობა” – არჩილ თალაკვაძე

“ყველა პირობა, რომლებზეც შევთანხმდით, წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ დიალოგში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და შეთანხმების პირობები არის საჯარო. ვისაც ექნება კითხვები, რას მოეწერა ხელი, ან დაავიწყდა, რა წერია შეთანხმების პირობებში, ყველას ვურჩევდი, გადაიკითხოს ეს დოკუმენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებისა და ამ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, კონსენსუსის მისაღწევად და არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, სწორი ნაბიჯები გადადგა.

„ჩვენ, 2012 წლის შემდეგ გვაქვს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების ისტორია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. საპარლამენტო არჩევნებიდან არჩევნებამდე მიღწეული პროგრესი და გაუმჯობესება ასახულია სადამკვირვებლო ანგარიშებშიც. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და უსაფრთხოების განმტკიცება შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გარეშე – ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით ნაბიჯები და ვაჩვენეთ საზოგადოებას, ვაჩვენეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მდგრადია და მზად ვართ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის დემოკრატიული არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, თავისთავად ცალკე აღებული, ვერავისთვის იქნება გამარჯვების მომტანი.

„გამარჯვების მთავარი პირობა არის საზოგადოების მხარდაჭერა და არა ცალკე აღებული სისტემა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ყველა წინა არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა და მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით, ჩვენი მხარდამჭერები, რომ 2020 წლის არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამითა და გუნდით, ისევ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, ქვეყნის მომავალი და მოქალაქეების ინტერესები, რათა ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს – სწორედ ეს იყო ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპი მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნისას.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა ისიც, რომ ყველა შეთანხმებული პირობა წერია დოკუმენტში, რომელსაც დიალოგში მონაწილე პარტიები აწერენ ხელს და ეს დოკუმენტი საჯაროა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის ნაწილმა დესტრუქციული ქმედებები მომავალშიც გააგრძელოს, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს განმსაზღვრელი ვერ იქნება.

„მომავლისთვის მნიშვნელოვანია ხედვა, გეგმები და კადრები, რომლებიც ყველა მოქალაქეს აინტერესებს ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს და შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის გაგრძელება, უსაფრთხოების განმტკიცება, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენი მიზანი კვლავ იქნება გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვსურს პროგრესის გაგრძელება, ჩვენს ოპონენტებს კი სურთ უკან დაბრუნება. გადაწყვეტილებას მოქალაქეები მიიღებენ არჩევნების გზით. არავის მივცემთ საშუალებას, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს რაიმე უპირატესობა. ეს არის შეუძლებელი და გუშინდელმა შეთანხმებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები