“ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, რამდენსაც ჩვენი ქცევები” – ცნობილ ინფექციონისტს კორონავირუსის არ ეშინია

ცნობილი კანადელი ინფექციონისტი საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის არ შეეშინდეთ. აბდუ შარკავის თქმით, მსოფლიოში უფრო საშიში დაავადებებიც არსებობს. ის, ასევე რეკომენდაციებს ავრცელებს და ამბობს, რომ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით ჩაანაცვლონ.

“მედიაცენტრი მთავარი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ექიმის პოსტს, რომელსაც, თითქმის ნახევარი მილიონი მოწონება აქვს, უცვლელად გთავაზობთ:

“20 წელზე მეტია, რაც ექიმი და ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ვარ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ავადმყოფი მინახავს. მე ვმუშაობდი ქალაქის შიდა საავადმყოფოებში, აფრიკის ყველაზე ღარიბ და მიყრუებულ ადგილებში. აივ-შიდსი, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, მწვავე რესპირატორული სინდრომი ( SARS), წითელა, ჰერპესი, კრუნჩხვითი ხველება, დიფტერია – ეს იმ დაავადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში შევხვედრივარ. მწვავე რესპირატორული სინდრომის გარდა, ძალიან ცოტა დაავადებას თუ შევუშინებივარ ან თავი მოწყვლადად უგრძნობინებია.

მე არ მეშინია Covid-19-ის. მე უფრო მეტად მაწუხებს ახალი ე.წ. ინფექციური აგენტის გავრცელება, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და რომელიც ფეხის მოკიდებას სხვადასხვა ნიადაგში ცდილობს. მაწუხებს მოხუცებულთა მდგომარეობა, რომელთა ჯანმრთელობაც შედარებით სუსტია და რომლებიც ამ პირობებში ყველაზე მეტად იტანჯებიან, მაგრამ მე არ მეშინია Covid-19-ის.

ყველაზე მეტად იმ შიშის მეშინია, რომელიც მასობრივად გავრცელდა და საზოგადოება მოიცვა. იმ შიშის, რომელიც პანიკაში გადაიზარდა. მეშინია იმის, რომ N95 სამედიცინო ნიღბებს საავადმყოფოებიდან და გადაუდებელი დახმარების კლინიკებიდან იპარავენ. იმ ადგილებიდან, სადაც მათი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამის მაგივრად კი, სამედიცინო ნიღბებით სავსეა აეროპორტები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რაც საზოგადოებაში შიშს კიდევ უფრო აძლიერებს და ადამიანებიც ერთმანეთს ეჭვის თვალით უწყებენ ყურებას.

მეშინია, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადაიტვირთება ისეთი ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: „ვიცი, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ მაინც უნდა გავესინჯო, არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს“. ადამიანები, რომლებსაც გულის უკმარისობა, პნევმონია აქვთ იდგებიან გრძელ რიგებში იმისთვის, რომ ექიმებმა შეამოწმონ.

მე მეშინია, რომ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იმდენად შორს წავა, რომ ამის გამო ძალიან ბევრი ქორწილი გაუქმდება, უნივერსიტეტის გამოსაშვები საღამოები გადაიდება და ოჯახები ვეღარ გაერთიანდებიან.

მე მეშინია, რომ ეს ეპიდემიური შიშები შეზღუდავს ვაჭრობას, დიდ ზიანს მიაყენებს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობებს, დაარტყამს ბიზნესს და საბოლოო კულმინაციას გლობალურ ვარდნაში პოვებს.

მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იმის მეშინია, რას ვეუბნებით შვილებს მაშინ, როდესაც საფრთხის წინაშე დგებიან. იმის მაგივრად, რომ რაციონალურად და გონივრულად დაველაპარაკოთ, ვეუბნებით, რომ უნდა დაპანიკდნენ, ეშინოდეთ.

ვირუსმა შეიძლება შემოაღწიოს ქალაქში, ჰოსპიტალში, მეგობრის სახლში, სამეზობლოში და შენამდეც კი მოვიდეს. ელოდე ამას და ნუ გაგიკვირდება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ვირუსი იმდენად დიდ ზარალს არ მოგვაყენებს, როგორც ჩვენივე ქცევები იზამს ამას. „საკუთარი თავისთვის იბრძოლე და ყველაზე მაღლა დააყენე“ დამოკიდებულება კი, შესაძლოა, მართლაც დამღუპველი აღმოჩნდეს.

ყველას გევედრებით, ჩაანაცვლეთ პანიკა და შიში მოთმინებითა და განათლებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ მეტი ჰიგიენისა და იმ წესების შესახებ, რომლითაც დაავადების გავრცელების შეზღუდვას შევძლებთ. მოდით, ამ გამოწვევას ერთად, სხვების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობითა და მოთმინებით შევხვდეთ. ვეძებოთ ფაქტები, სიმართლე და არ ავყვეთ სპეკულაციას.

ფაქტები და არა შიში. დაიბანეთ ხელები. გაიხსენით გულები. ჩვენი შვილები ამისთვის მადლობას გვეტყვიან“,- წერს კანადელი ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები