“15 გრამიანი შეფუთვა უფრო ადვილად მისაღწევს გახდის ამ ნაწარმის ყიდვას” – გუგული მაღრაძე პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე თანაგუდელების საკანონდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება და სხვებსაც ურჩევს, გურამ მაჭარაშვილისა და გოგა თოლორდავას ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს.

„ახლახან, საქართველოს პარლამენტის წევრების  გურამ მაჭარაშვილის და გოგა თოლორდავას მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც  ეხება  შეფუთული თამბაქოს  15 გრამიანი  შეფუთვით გამოშვებას,   ნაცვლად 50 და 100 გრამიანი   შეფუთვისა,  რაც არის  დღეს  ჩვენს მიერ მიღებულ თამბაქოს კონტროლის კანონში  და რაც შეესაბამება ევროპულ სტანდარტს.  ჯანდაცვის კომიტეტის უმრავლესობამ (ორი წევრის გარდა),   მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას, რაც სრულიად  მიუღებელი  უნდა  ყოფილიყო  სწორედ  ჯანდაცვის კომიტეტისთვის.     

წარმოდგენილი ცვლილება არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება  ჩვენი პარლამენტის მიერ თამბაქოს კანონის მიღებისას გაცხადებულ ერთიან სულისკვეთებას: წინა პლანზე დავაყენოთ არა თამბაქოს მწარმოებლების ფინანსური ინტერესები,   არამედ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.   15 გრამიანი შეფუთვა უფრო ადვილად მისაღწევს გახდის ამ  ნაწარმის ყიდვას,  განსაკუთრებით არასრულწლოვნებისთვის.  თამბაქოს ინდუსტრია ყველა გზას იყენებს,  რომ  რაც შეიძლება მეტი არასრულწლოვანი ჩაერთოს მოწევაში, ესაა რეზერვი მათი პროდუქციის გასაღებისათვის. ამდენად, თუ ჩვენ მივიღებთ  ამ ცვლილებას, გავამდიდრებთ თამბაქოს მწარმოებლებს საკუთარი ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე.   ძალიან ნათლად იკვეთება თამბაქოს ინდუსტრიის გავლენა და ვფიქრობ ეს  არ  შეეფერება ჩვენს პარლამენტს“ – განუცხადა გუგული მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ და საკუთარ კოლეგებს მიმართა.

„მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, არ დაუჭირონ ამ  ცვლილებას მხარი.  ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი თამბაქოს კონტროლის იმ კარგი კანონიდან, რომელმაც ასე მაღალი  შეფასება მიიღო  როგორც საერთაშორისო საზოგადოებიდან,  ისე ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“ – აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები