გაცოცხლებული უძველესი ვაზის ჯიში, 2 საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და „ქრისტეს საფლავის მიწა“ ძმები ხუციშვილების მარანში

ორ საუკუნოვანი ქვევრი, 6 სახეობის ღვინო და მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი უძველესი ვაზის ჯიში „ქისი“ კისისხევში, ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში იწურება. ტრადიციების, უძველესი ვაზის ჯიშისა და სოფლის გადარჩენის ინტერესმა ძმები დედაქალაქიდან სოფელში დააბრუნა, ბიზნეს იდეაც გაჩნდა და საქმეც დაიწყო.      

ორ საუკუნოვანი ქვევრის მიწიდან ამოღებასაც საინტერესო ისტორია აქვს, თიხის კრამიტით ღვინის დაგემოვნებასაც, კრამიტზე სამახსოვრო ჩანაწერის დატოვებასაც, თუმცა, ის ოჯახური გარემო, ყველაფერი ნატურალური, კავკასიონის დათოვლილი მთები და ალაზნის ხედები, როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტებისთვის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, ღვინის სამშობლოში, კისისხევის ძმები ხუციშვილების მარანი კახეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა.    

„მედიაცენტრი მთავარი“ სწორედ ძმები ხუციშვილებს და ხუციშვილების ღვინის მარნის პროფილს გაგაცნობთ.  

ძმებმა საოჯახო მარნის წარმოება 2015 წელს დაიწყეს და იმდენს მიაღწიეს, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული ღვინო ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა.

„ამ სახლში ჩვენი ოჯახის ოთხი თაობა ვცხვრობდით“ – ხუციშვილების მარნის ისტორია

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი ღვინის წარმოება დაგეწყოთ და რა სიძნეელეები ახლდა ამ პროცესს?

გელა ხუციშვილი: ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავის მუნიციპალიტეტში, კისისხევში, ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში. მე და ჩემი ძმა გიორგი ხუციშვილი აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ აქ და დავამთავრეთ საშუალო სკოლა. ამ სახლში ჩვენი ოჯახის ოთხი თაობა ვცხოვრობდით, ეს იყო მამის ბებია, ჩვენი მშობლები, ბებია  და ჩვენ. შემდეგ, ჩვენ სასწავლებლად თბილისში წავედით, უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრეთ, დავოჯახდით და გავაგრძელეთ ცხოვრება ქალაქში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სოფელთან კავშირი გავწყვიტეთ. გვქონდა საკარმიდამო ვენახები, წინაპრების და მამა-პაპის დროინდელი ვენახები, რომელსაც დღესაც ვუვლით და ვამუშავებთ. სწორედ ჩვენი ყურძნისაგან ვამზადებდით ღვინოს. 

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენს წინაპრებს მეღვინეობასთან ჰქონდათ კავშირი?

გელა ხუციშვილი: “ჩვენი ოჯახის მიერ ღვინის კეთების ტრადიცია 200 წელზე მეტს მოიცავს, რასაც ეს ქვევრი მოწმობს, რომელიც სამუზეუმო ექსპონატია და 250 წლისაა. სადაც ახლა ვიმყოფებით, აქ ძველი მარანი იყო, სადაც თონეს ხედავთ სწორედ აქ იყო საუკუნოვანი ქვევრი ჩაგდებული. ჩვენი მშობლები სწორედ ამ ქვევრში აკეთებდნენ ღვინოს, ძირითადად რქაწითელს. იმ დროს, კომუნისტების პერიოდში, ღვინის კეთების სიღრმისეული ცოდნა არ არსებობდა და ძირითადად შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებოდა. ქვევრში ღვინის გაკეთებსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. ძირითადად პირადი მოხმარებისთვის ვაკეთებდით, ნათესავებისთვის”.

ძმებმა ხუციშვილებმა გადაწყვიტეს, რომ ამ საუკუნოვანი ისტორიის მივიწყება, ჩაკარგვა და ხელის ჩაქნევა არ გამოვიდოდა და ამიტომ, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ის ფესვები, ტრადიცია და ისტორია, რაც „ქისისხევსა“ და ხუციშვილებს მოსდევთ ბიზნესად ექციათ და ამით სოფლის განვითარებისთვისა და ადგილობრივების დასაქმებისთვისაც შეეწყოთ ხელი.    

გიორგი ხუციშვილი: „ჩვენ, ძმები მუდმივად აზრთა ჭიდილში ვიყავით. გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა ერთად, თან ისეთი რამ, რაც საზოგადო იქნებოდა, სოფელს განავითარებდა და ადამიანების დასაქმებასაც შეუწყობდა ხელს. ასე გადავწყვიტეთ სოფელში დაბრუნება და  წინაპრების დანატოვარის აღდგენა.  2015 წელს პირველი ნაბიჯი გადავდგით და ახალი ქვევრების ჩავყარეთ. ამ ახალ ქვევრებში კი დაახლოებით 4-5 ტონა „რქაწითელი“ დავწურეთ და პირველივე მოსავალი ბოთლში გადავიატანეთ. რაც შეეხება დასახელებას, აზრთა ჭიდილი გვქონდა. რადგან ძმები ვართ, გადავწყვიტეთ, „ძმები ხუციშვილები“ დაგვერქვა. ვფიქრობთ, რომ  ამ ყველაფერმა გაამართლა“.

„ძმებმა ხუციშვილებმა“ „რქაწითელის“ ბოთლის ღვინო ბაზარზეც გაიტანეს, რომელიც საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. ვინც დააგემოვნა ყველას მოეწონა და ასე აიდგა „ხუცუშვილების მარანმაც“  ფეხი. „რქაწითელს“ „საფერავი“ დაემატა, „საფერავს“  „ქისი“ და დღეს უკვე „ძმები ხუციშვილების მარანი“ ექვსი სახეობის ღვინოს აწარმოებს:  მწვანე, რაქაწითელი, რქაწითელი-მწვანე, საფერავი, საფერავი ნახევრად ტკბილი და “ქისი”.

„ქვევრები დალუქულია თიხით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ გასკდეს, შეინარჩუნოს სინოტივე და ჰაერთან შეხებაში არ იყოს ღვინო. ღვინის დაყენებისთვის აუცილებელია ცოდნა და მოვლა. ყურძენი უნდა იყოს ხარისხიანი, თუ გინდა, რომ მაღალი ხარისხის ღვინო მიიღო“ – უყვება გია ხუციშვილი „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება უნიკალურ ჯიშს – „ქისი“, ის უძველესი ვაზის ჯიშია, რომელიც გადაშენებას გადაურჩა და არა მხოლოდ გადაურჩა, ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა.

„ის იყო გადაშენების პირას მისული ჯიში. მასზე ლეგენდაც კი არსებობს და ვფიქრობ, რომ სიმართლესთან ახლოსაა. სოფლის დასახელება, სადაც ახლა ვიმყოფებით, არის კისისხევი. მას კისისხევი დაერქვა მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა კავშირში შევიდა. რუსულში ასობგერა „ქ“ არ მოიძებდებოდა და ამიტომ „ქ“ გახდა „კ“, ქისისხევი კი კისისხევი. სოფლის ხეობას რომ აჰყვეთ, ერთი-ერთში ჰგავს ვარძიას, თავისი გამოქვაბულებით და გადადის საგარეჯოში, სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება ეს ხეობა“ – გვიყვება გელა ხუციშვილი.

რაც შეეხება თვითონ ჯიშს – „კისს“ ის, ერთ-ერთი უნიკალური ჯიშია, რომელსაც ანალოგი არ აქვს და არსად მოდის, გარდა კახეთისა. მისთვის კარგ მიკროზონად ითვლება ახმეტის რაიონი და სოფელი მაღრაანი.

„ქისი“ ნატურალური გაუფილტრავი თეთრი მშრალი ღვინოა, რომელიც  დამზადებულია „ქისის: ყურძნის ჯიშის 2017 წლის მოსავლიდან, მოყვანილია და ხელით მოკრეფილი კახეთის რეგიონში. ღვინო დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში (თიხის ჭურჭელი). ღვინო არის მუქი ჩალისფერი, გამოხატული ჯიშური არომატითა და მშრალი ხილის ტონებით. მჟავიანობა და ალკოჰოლი არის დაბალანსებული. დაბოლოება არის ხანგრძლივი და საინტერესო.

აქ, თიხის კრამიტიდან ღვინის დაგემოვნებაც ერთგვარი ტრადიციაა

ღვინის ჯიშებისა და განსაკუთრებული არომატის გარდა, „ხუციშვილების მარანი“ ინტერიერითაც განსაკუთრებულია, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ის შიდა თუ საერთაშორისო ტურისტებს იზიდავს.

ყველა სტუმარი, ვინც „ხუციშვილების მარანში“ მოხვდება, სპეციალური თიხის კრამიტით აგემოვნებს არაჩვეულებრივი არომატის ღვინოს, ამის შემდეგ კი კრამიტზე ტოვებს ჩანაწერს, რომელიც ხუციშვილების მარანში საგულდაგულოდ ინახება და ისტორიის ნაწილი ხვდება.

აქ, ბუხართან უამრავ ასეთ კრამიტს ნახავთ, რომელიც აჭრელებულია ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული თუ ფრანგული წარწერებითა და ხელმოწერებით. ეს კი იმას ადასტურებს, რომ „ხუციშვილების მარანი“ ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველია. ძმების მარანს „მედიაცენტრი მთავარის“ სახელით ერთი კრამიტიც დაემატა.      

მარანი, ქვევრები, კავკასიონის ქედი, ალაზნის ველი, საზაფხულო თუ საზამთრო რეზიდენცია ისეა ერთმანეთში შერწყმული, კომფორტისა და განტვირთვის სრულ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.  

ძმები გეგმავენ, მარნის ერთ ნაწილში სოფლის ისტორია გააცოცხლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე, ყველას შეეძლება მუზეუმის სტუმარიც გახდეს.  

რაც შეეხება თავად სოფელს, „კისისხევს“, ის ძველი წელთაღრიცხვით  მე-4 საუკუნიდან იხსენიება  და იწოდება როგორც ქრისტეს საფლავის მიწა. სწორედ ამ სოფლის ისტორიამ გადააწყვეტინა ძმებს მუზეუმის გახსნა.     

ძმებს აქტიურად უდგანან გვერდში დედა, მეუღლეები, შვილები, რაც ოჯახური განწყობისა და გარემოს მეტ დატვირთვას იძლევა.

„ღვინოში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, თავმოყრილია ყველა ის საუკეთესო არომატი და თვისებები, რაც საუკეთესო ნატურალურ ღვინო უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ იზიდავს ის სტუმრებს. თუმცა, თუ სტუმარს ოჯახურად და გულიანად არ დახვდი, ისეთ სითბოსა და სიყვარულს ვერ მოიპოვებ, რაც ჩვენთან სტუმრებისგან იგრძნობა“ – გვიყვება ძმები ხუციშვილების დედა თამარ ხუციშვილი.

სწორედ დედა აღმოჩნდა ერთ-ერთი მოტივატორი, რის გამოც ძმები სოფელს დაუბრუნდნენ.

„დედას უკავშირდება ჩემი და ჩემი ძმის სოფელში მობრუნებაში ლომის წვლილი. ფაქტობრივად, აქ, სოფელში მხოლოდ დედა დარჩა, ის პედაგოგია, 56 წლის სტაჟი აქვს და ამჟამად 78 წლისაა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში და წელს დატოვა სკოლა. ის  აქტიურადაა ჩაბმული ამ საქმეში, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და სტუმრებთან აქტიურ მიწერ-მოწერაშია და ეს თბილი კომუნიკაციაც გვეხმარება, რომ სტუმარი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ვამყოფოთ“ – ამბობს გელა ხუციშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.    

რაც შეეხება სტუმრებს, როგორც კრამიტზე დატოვებული წარწერები ადასტურებს, „ხუციშვილების მარანს“ მრავალფეროვანი  ტურისტი სტუმრობს.

„გვსტუმრობენ როგორც ახლო და მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპოდან, ამერიკიდან, იპონიიდან, კორეიდან. ჩვენი მასპინძლობის შემდეგ, ბევრს სურვილი უჩნდება, უკან მობრუნდეს. ვინც ჩვენთან რჩება, ყველა აღფრთოვანებული ბრუნდება უკან. ღვინის გარდა, ძალიან მოსწონთ ჩვენი განსაკუთრებული სამზარეულო, თონეში საკუთარი ხელით აცხობენ შოთებს, ავლებენ ჩურჩხელას, წალამზე წვავენ წვადებს და შეუძლებელია ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი არ დაბრუნდე შენს ქვეყანაში“ – გვიყვება გიორგი ხუციშვილი.

„ძმები ხუციშვილების“ მარნის ღვინო რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება. პროდუქციით დაინტერესებულია ევროპაც.

„ამერიკაში გასაგზავნად  ჩამოსხმული გვაქვს ღვინო, ეტიკეტებიც  დაკრული და რამდენიმე დღეში გავგზავნით. ეს არის თეთრი, მშრალი, საფერავის წითელი მშრალი და რქაწითელი. რაც შეეხება ევროპას, დაინტერესებულია პოლონეთი, ქვევრის ღვინოს მიმართ ინტერესს სლავური ქვეყნებიც გამოხატავენ და ვცდილობთ გერმანიისა და ბელგიის ბაზარიც ავითვისოთ“ – გვიყვება გელა ხუციშვილი.

და ბოლოს, ვისაც უყვარს ნატურალური კერძები, საკუთარი ხელებით გამომცხვარი შოთები, საკუთარი ხელებით ამოვლებული ჩურჩხელები, წალამზე შემწვარი წვადები, სუფთა ჰაერი და ყველაფერი ნატურალური, თქვენ უნდა მოხვდეთ “ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში”.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ აქ აუცილებლად ჩამოგისხამენ თქვენი სახელობის ღვინოს, თქვენივე ფოტოსურათით.    

ეკა გულუა,

სპეციალურად „მედიაცენტრი მთავარისთვის“ „ძმები ხუციშვილების ღვინის მარნიდან“

მსგავსი თემები