“არის თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა” – არჩილ თალაკვაძე

“კითხვაზე: არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აქცენტებს აკეთებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრების განცხადებებს უპასუხა იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია.

თალაკვაძის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.

„ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდე, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკური კალენდრის ნაწილი და არ შეიძლება მასზე იყოს დამოკიდებული. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული და თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შეთანხმების კონკრეტულ ტექსტს. შესაბამისად, კითხვაზე: არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები