“ახალი მემარჯვენეები” ოპოზიციას პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად ლევან ცუცქირიძეს ურჩევენ  

პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატზე უნდა შეჯერდეს, ასეთად მემარჯვენეები ასახელებენ მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და კანდიდატს არასამთავრობო სექტორიდან, ლევან ცუცქირიძეს. თუმცა, თავად მარგველაშვილისა და ცუცქირიძის პოზიცია მათთვის უცნობია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა ნაჭყებიამ დღეს განაცხადა, ქართულ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეჯერება, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.

​ნაჭყებიას თქმით, კარგი იქნება თუ ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება არა პოლიტიკური, არამედ აკადემიური წრეებიდან მოსული ადამიანი, რომელიც არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად “ახალი მემარჯვენეები” განიხილავენ ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში​, ლევან ცუცქირიძეს, რომელიც მანანა ნაჭყებიას აზრით, კარგად არის განსწავლული პოლიტიკაში.

” სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ადამიანი ჯერ მოდის თანამდებობაზე და მერე სწავლობს პოლიტიკას. არ ვიცი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რამდენად გადაწყვეტენ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ ლევან ცუცქირიძისა და გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურები ჩვენს მიერ წამოყენებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს”, – აცხადებს მანანა ნაჭყებია.

მისივე თქმით, ​საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, რომ ქვეყანა გარკვეული მოჯადოებული წრიდან გამოვიდეს. საქართველოში დღეს პრეზიდენტი, გარკვეულ წილად, არის კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიმღები, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან მალე აღარ იქნება პირდაპირი წესით არჩეული და ექნება ნაკლები ლეგიტიმაცია, მისი გავლენა მაინც ძალიან მაღალია ქართულ პოლიტიკაზე.

“როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მოდის რევოლუციურ ტალღაზე, სანამ მომაკვდინებელ შეცდომებს არ დაუშვებს, რომ შემდეგ უკვე ხალხმა ის გადააგდოს, მანამდე ის განაგრძობს ხელისუფლებით ტკობას.​ არავინ თქვას, რომ “ქართული ოცნება არ არის მოსული რევოლუციურ ტალღაზე. ძალიან კარგად გვახსოვს მრავალათასიანი მიტინგები, თუმცა, მაშინ ეს მიტინგები ბიძინა ივანიშვილმა, სავსებით სწორად, არ გამოიყენა პოლიტიკური ულტიმატუმებისთვის, მაგრამ ხალხი გამოიყვანა ქუჩაში და 2012 წლის არჩევნებიც რევოლუციურ ტალღაზე ჩატარდა”, – მიაჩნია მემარჯვენე მანანა ნაჭყებიას.

მისი აზრით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა.

” დაახლოებით 2 თვის წინათ, როდესაც “ახალმა მემარჯვენეებმა” ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი სრულებით შეგნებულად დავასახელეთ, გვსურდა, როგორც ეს ხდება ნორმალურ ქვეყნებში ხდება, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პროცესი დროულად დაწყებულიყო, ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა შეჯერებულიყო საერთო კანდიდატზე და ხელისუფლებასაც დროულად გამოეჩინა თავისი კანდიდატი. მეორე მიზეზი არის საპრეზიდენტო ფიგურის მნიშვნელობა, რომ არ გაიმარჯვოს სახელისუფლებო კანდიდატმა. კარგი იქნება თუ ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება არა პოლიტიკური პიროვნება, ადამიანი აკადემიური წრეებიდან, რომელიც არ ასოცირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან”, – აცხადებს მანანა ნაჭყებია.

მსგავსი თემები