“ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან” – ნათია თურნავა

“ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან, ეს იყო ფორსმაჟორი”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავიაკომპანიების მხრიდან ამის გამო რამე სახის მოთხოვნა არ ყოფილა.

„ამასთან დაკავშირებით, უკვე შედგა კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან „ვიზეართან“ და „რაინეართან“. მათი მხრიდან რამე სახის მოთხოვნა კომპენსაციასთან დაკავშირებით არ წამოსულა. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ავიაკომპანიებიც ამას გაგებით მოეკიდებიან. ეს იყო ფორსმაჟორი, ავიაკომპანიებთან კონტრაქტში კორონავირუსის შესახებ ჩადებული არ ყოფილა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

მსგავსი თემები