„20 ივნისის“ საქმეზე დაკავებული პირები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მან ბრალი ფორმალურად აღიარა, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

“უბრალოდ, ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ელფერი მიიღო. აზრი აღარ ჰქონდა ციხეში ჯდომას, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში რჩება ბესიკ თამლიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი თემები