„არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს“ – არჩილ თალაკვაძე

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შეთანხმების მიღწევა ვცადოთ, ობიექტურად. ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან მიმართებით, ამ მომენტისთვის ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება, ვინაიდან, როგორც თალაკვაძე განმარტავს ნაბიჯები ყველა მხრიდან არის გადადგმული.

„რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია – ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენ მზად ვართ, 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, მივიღოთ ისეთი პირობები და ავსახოთ ეს კანონმდებლობაში, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკაში და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემსახურება. შესაბამისად, ამ ლოგიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები