აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარი გამოყო

აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კანონპროექტს მხარი 415-მა სენატორმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ კი მხოლოდ ორი კანონმდებელი გამოვიდა. ახლა დოკუმენტი ხელმოწერისთვის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა.

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის, დახარჯოს იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება.

საერთო თანხიდან სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული, 2,2 მილიარდი დოლარი კი, დაავადების გავრცელების პრევენციის ზომებზე დაიხარჯება.

სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ეს უმსხვილესი ფინანსური პაკეტი იქნება, რომელიც აშშ-ის კონგრესს ჯანდაცვის სფეროში კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუმტკიცებია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით 177 ადამიანია ინფიცირებული. დაღუპულია 11 ადამიანი.

მსგავსი თემები