“თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანს”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ იტალიიდან ჩამოსულ პირს შეგნება არ აქვს, რომ თვითიზოლაციაში იყოს, დამსაქმებლები და ახლობლები თავად უნდა მოერიდოს მას. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს, იტალიიდან ჩამოსულს, არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს, იმნაძე ამბობს, რომ ამის იმედი არსებობს, თუმცა მეცნიერული მტკიცებულება არა.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არის, რა თქმა უნდა, ამის იმედი არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს, რომ ჩვეულებრივად რესპირატორული ინფექციები სიცივეში ვრცელდება და სიცხეში ცოტაა, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ. ვნახოთ, ავსტრალიაში რა იქნება, იქ ზაფხულია და ახლა დგება შემოდგომა“,- განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები