“საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა საქართველოს ამაყ მოქალაქეებად უნდა იგრძნონ თავი” – ნიკოლ ფაშინიანი

“თბილისში, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან რეპატრიაციაზე საუბარი ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს”, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტის დროს, სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას დასმულ ერთ-ერთ კითხვას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანს ერთ-ერთმა სტუდენტმა, რევიკ კარაპეტიანმა შემდეგი კითხვით მიმართა: „მე დავიბადე ჯავახეთში, ვარ სტუდენტი. ვამთავრებ მაგისტრატურას და მაინტერესებს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რეპატრიაციასთან დაკავშირებით. ელოდებით თუ არა სომხების ე.წ. თვითნებურად დაბრუნებას სამშობლოში, როგორც იყო 1940-იან წლებში. რა პროფესიის ადამიანებისთვის არის პროგრამები, თუ თქვენ იმედს ამყარებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხებზე, რომლებსაც უყვართ სამშობლო“.

როგორც ფაშინიანმა კითხვის პასუხად აღნიშნა, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან მიმართებაში რეპატრიაციაზე საუბარი უცნაურად ჟღერს.

„ვეცდები, ჩემი პასუხი იყოს პოლიტკორექტული. როცა ვხვდები, მაგალითად, გერმანიის სათვისტომოს და იქ საუბარია რეპატრიაციაზე, ეს ჩემთვის გასაგებია. სიმართლე გითხრათ, თბილისში, საქართველოში მცხოვრებ სომხებთან  რეპატრიაციაზე საუბარი ჩემთვის ცოტა უცნაურად ჟღერს.

მე მივიჩნევ, რომ თბილისელი სომხები ცხოვრობენ სამშობლოში. საერთოდ, საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა თავი უნდა იგრძნონ საქართველოს ამაყ მოქალაქეებად.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია და საჭიროა, ჩვენ დაინტერესებული ვიყოთ, რომ საქართველო იყოს ძლიერი, მდგრადი, განვითარებული სახელმწიფო. საქართველოც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სომხეთიც იყოს ძლიერი, მდგრადი, განვითარებული სახელმწიფო.

თქვენ რამდენჯერმე გამოიყენეთ სიტყვა რეპატრიაცია. ახლა ეს თემა სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანია, მუშავდება რეპატრიაციის შესახებ კანონი. ამ პროცესთან არის დაკავშირებული უამრავი პრობლემა და სირთულე. ჩვენ გვაქვს რეგულაციები იმის შესახებ, ადამიანს სომხეთში შესვლისას რა ქონების შეტანა შეუძლია. მაგალითად, ბევრ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში, ამასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან ამ ქონების ფარგლები საკმაოდ შეზღუდულია. ახლა პრობლემა ის არის, რომ ეს არის არა სომხეთის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულირების საკითხი.

2018 წელს, როდესაც ვსაუბრობდით რეპატრიანტებისთვის შეღავათიანი სესხის მიცემაზე, დავდექით შემდეგი პრობლემის წინაშე – სომხეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს მივცეთ პრივილეგირებული იპოთეკური სესხები და ქუჩაში ვინმე რომ მკითხოს, მე ცუდი ვქენი, რომ არ წავედი და ისინი სწორად მოიქცნენ, რომ წავიდნენ? ძალიან ბევრი მოქალაქე 14-15 წლის ასაკში წავიდა სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, შესაბამისად, ჯარში მსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები აღმოჩნდა. მე მუდმივად ვხედავ ადამიანის ნიჭის უსაზღვრო შესაძლებლობებს. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სომხეთში ეკონომიკურ რევოლუციას აუცილებლად განვახორციელებთ, რადგან ჩვენი ბიზნესმენები გამორჩეული ნიჭის არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხების ნიჭი ის ძირითადი და მთავარი გარანტია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი ქვეყნების ხალხის ბედს შეცვლის ათასწლეულების ჭრილში“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა

მსგავსი თემები