ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ჩოლოიანი დღემდე სასამართლო პროცესებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა. პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი მისმა ადვოკატმა გააკეთა.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ აბსურდული ბრალდება ვერ დადასტურდება, ვინაიდან ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

მსგავსი თემები