„საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა არ შეწყდეს დიალოგი“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენმა პარლამენტში, საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებისთვის საპრეზიდენტო პლათფორმას სთავაზობს.

„ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა არ შეწყდეს დიალოგი.დაბოლოს, ამ სიტყვას ვერ დავამთავრებ ისე, რომ არ შევეხო საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში.

„ამ მიზნით საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, – რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.

ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები