“ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სომხეთ – საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას” – დავით ზალკალიანი

„მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა,სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დავით ზალკალიანის განცხადებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ამას კი ნამდვილად უწყობს ხელს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც დაგეგმილ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. საუბარი შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, სატრანსპორტო კომუნიკაციას, კულტურას, ხალხთა შორის ურთიერთობას. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველო და სომხეთი ორივე გახლავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები. წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება, შესაბამისად მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება, შეჯამება. ასევე აღსანიშნავია, რომ ვიზიტი მიმდინარეობს მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის ფონზე და მეზობელ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანია კოორდინაცია, რომ ამ გამოწვევას ერთობლივად გავუმკლავდეთ. ეს კოორდინაცია ძალიან ეფექტიანად განხორციელდა განვლილი დღეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის დროსაც ჩვენ ვისაუბრებთ ერთობლივი ქმედებების ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც დაგვეხმარება აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.​

მსგავსი თემები