თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 7 მარტიდან საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება); ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება – მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები; ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა მხოლოდ მარცხნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი; ი. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის.

ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით; რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს – ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით; ავალიშვილის ქუჩაზე ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსებისა და N170 მიკროავტობუსის მარშრუტები, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, მეოთხე ეტაპის სამუშაოების პერიოდში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან.

ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები – N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები – მ/ს „დელისი“, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან; ავტობუსი N83 და მიკროავტობუსები – N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან.

ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.

მსგავსი თემები