რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საკარანტინო პერიოდს 18 ადამიანი გადის

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საკარანტინო სივრცე მოეწყო, ამ დროისთვის 18 პირი იმყოფება. კლინიკაში განმარტავენ, რომ 18-დან 16 პაციენტი საქართველოს, ორი კი, აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამასთან, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 18 პირი. გუშინ 13 პაციენტს კიდევ ხუთი დაემატა. ყველას ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება ითქვას, დაახლოებით 37 გრადუსამდე მხოლოდ ორ პაციენტს აღენიშნა, სხვა ყველას მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. არავინ დაგვმატებია, თუმცა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მიიღო გადაწყვეტილება, პრევენციის მიზნით მაინც გაზარდოს საწოლ ფონდი და შევძლებთ მეტი პაციენტის მიღებასაც, ვიდრე ვვარაუდობდით. არ გვყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი, რადგან ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან იმყოფება, დადგენილი აქვს, რომ არ არიან კორონავირუსის მატარებელი, მაგრამ რადგან ამ დაავადების მართვა მოითხოვს კარანტინს, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას, ამიტომაც ისინი დარჩებიან ჩვენთან იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური გადაწყვეტს“, – ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტები თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც კვლევა ჩაუტარდათ და მათი ეპიდემიოლოგიური შეფასებაც მოხდა, გადაწყდა, რომ დაკვირვებას საჭიროებენ.

მსგავსი თემები