„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის გადაწყვეტილებით ორგანიზაცია დღეიდან, 2020 წლის 2 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებას და სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება.

„მიმაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობების აღება. მოცემულ ვითარებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ბავშვები მუდმივად სახლში უნდა იყვნენ, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნით მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, დედებს. სახლში მარტოდარჩენილ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, 42-ე მუხლის თანამშრომლებმა, სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, დისტანციურად იმუშაონ,” – განაცხადა ლადო მკერვალიშვილმა.

კონსტიტუციის 42-მუხლი: „სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“ გულისხმობს.

“რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეაფერხებს ჩვენს ბენეფიციარებს – ყველა ადვოკატი გამოცხადდება სასამართლო პროცესზე და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ბენეფიციარის ინტერესების დაცვას. ასევე, არ შევაჩერებთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სამართლებრივი დახმარების პროცესს. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თუ არ იქნა გადაუდებელი აუცილებლობა, 42-ე მუხლის ოფისში კონსულტაციის მიღების ნაცვლად,  ისარგებლონ 42-ე მუხლის სატელეფონო, ონლაინ კონსულტაციებით და ცხელი ხაზით“ – აცხადებს ლადო მკერვალიშვილი.

მსგავსი თემები