“საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლი გამკაცრებულია” – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს.

სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებასა და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

მსგავსი თემები