იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

  •  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება განიხილეს.

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის მხარემ მინისტრის მოადგილეს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოხატა.

„საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები. საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს, მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს. მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მხარეებმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმედი გამოთქვეს, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია.

მსგავსი თემები