„ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც“ – საზღვარზე კონტროლი ძლიერდება

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრებზე კონტროლი ძლიერდება. მომატებული საფრთხის  შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„სიტუაცია მიდის უფრო გავრცელებისკენ, პანდემიური ხასიათი ეძლევა. ამიტომ, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც ჩვენ საქართველოში უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ. ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ, ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც. მეორე მომენტი არის ჯანდაცვის ქსელის მზადყოფნა, რომ ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევას. ეს ნიშნავს შესაბამისი საკარანტინო სივრცეების არსებობს, ლაბორატორიული სიმძლავრეების, სამედიცინო პერსონალის სიმძლავრეების არსებობა , პერსონალური დაცვის საშუალებების არსებობა და ასე შემდეგ“ – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ახალი კორონავირუსის“ წარმოშობის ქვეყანა ჩინეთს, იქ მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. 33 000 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა. მსოფლიო მასშტაბით კი ინფიცირებულია 82 000-მდე ადამიანი.

მსგავსი თემები