„ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მესამე დიდი ეპიდაფეთქებაა“ – ამირან გამყრელიძე ახალ კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე მსოფლიო დგას კორონავირუსის გამო, როგორც გამყრელიძემ განცხადა, ვირუსი სახელწოდებით „2019“, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა მესამე ეპიდაფეთქებაა მსოფლიოში:

„ეს ის ვირუსი გახლავთ, რომელიც გადადის ფრინველებიდან და ცხოველებიდან ადამიანზე. ესაა ბოლო 20 წლის მანძილზე მესამე დიდი ეპიდაფეთქება.

პირველი ორი ეპიდაფეთქება გახლდათ 2003 წელს, რომელმაც გამოიწვია 8000 – მდე ადამიანის დაზიანება და 9-დან 10% სრულდებოდა გარდაცვალებით, მეორე 2012 ე.წ “შუააღმოსავლეთის სინდრომი” – მან მოიცვა 2500-მდე ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35% და მესამე გახლავთ ეს , რომელიც 31 დეკემბერს დაიწყო ჩინეთში და „2019“-ის სახელითაა ცნობილი. ამ დაავადებამ დღეისათვის მსოფლიოში 81000 ადამიანი მოიცვა, თუმცა წინა აფეთქებებთან შედარებით დაბალი ლეტალობით ხასიათდება.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც, გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ვირუსის შემთხვევებმა ჩინეთში კლება დაიწყო, თუმცა გავრცელებულ 38 ქვეყანაში ზრდის ტენდენცია შეინიშნება. გამყრელიძის ინფორმაციით ზოგადი გარდაცვალების მაჩვენებელი ამ დროისათვის ჩინეთში 2-3 პროცენტია, სხვა ქვეყნებში უფრო ნაკლები.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის მიერ ყველაზე მეტად დაზიანებული ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი და სინგაპური.

მსგავსი თემები