საქართველოში პირბადეების დეფიციტია

ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია, რასაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენელთა ნაწილიც ადასტურებს. ამას, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით, ასევე ჩინეთიდან პროდუქციის მოწოდების შეჩერებით ხსნიან.

როგორც „ჯიპისიში“ აცხადებენ, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, ერთ მომხმარებელზე ერთ ჯერზე, მაქსიმუმ 20 პირბადეს გასცემენ.

კომპანია „ავერსის“ ობიექტებში ამ ეტაპზე პროდუქციის მარაგები არსებობს, თუმცა ბაზებში, საიდანაც აფთიაქები მარაგდება, პირბადეები უკვე აღარ არის დარჩენილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, დეფიციტი შექმნა იმანაც, რომ ჩინეთიდან, რომელიც საქართველოსთვის პირბადეების ძირითადი მომწოდებელია, პროდუქციის შემოტანა შეჩერებულია. „ავერსში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ ალტერნატიული მომწოდებლების მოძიების მიზნით.

კომპანიებში ამბობენ, რომ მათთან პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და ისინი 18-20 თეთრის ფარგლებში ღირს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ პირბადეების დეფიციტი მთელ მსოფლიოშია და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. მინისტრის თქმით, სამინისტრო მუშაობს, რომ მომწოდებლებმა დამატებითი პროდუქცია შემოიტანონ.

მსგავსი თემები