„ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა“ – კახა კალაძე   

კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და  აფრთხილებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. წინააღმდეგ შემხთვევაში, აცხადებს, რომ სანქციები არ ასცდებათ.  

„მინდა, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო – კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ მეტს არაფერს გთხოვთ. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები – არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა. ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კომპანიას თავისივე ხარჯებით ორივე ქუჩის მოწესრიგება მოუწევს. ეს ქალაქი მარტო ჩემი, მთავრობის წევრების არ არის. ეს ქალაქი ყველასია და თქვენგანაც გვჭირდება თანადგომა, რომ ერთად გავალამაზოთ და მოვაწესრიგოთ ის. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ორივე ქუჩა მოწესრიგდება და სალაპარაკო არ გახდება.

მინდა, გლდანის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს კიდევ ერთხელ დავავალო, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს და რაც არის საჭირო ჩვენი მხრიდან, მათ შორის ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა. თუ არ გაქვთ სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა, დაანებეთ თავი და ტენდერში მონაწილეობას ნუ მიიღებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები