“უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ” –  კახა კალაძის გაფრთხილება  

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა.

„როგორც იცით, გლდანის  რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა – კომპანიას დაევალა, რომ ყველაფერი თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან განცხადებებიც მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები