ვანდალური ფაქტი მცხეთაში – ნეკერჩხლის ხეები მიზანმიმართულად გაანადგურეს   

მცხეთაში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ,  გვიან ღამით, ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად გაანადგურეს.

დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.

24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია.

„ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თითოეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: გავხადოთ მცხეთაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ წესად და სხვებსაც ვუბიძგოთ ამისკენ“ – აცხადებენ მცხეთის მერიაში.

მსგავსი თემები