ლევან დადუნაშვილი მოკლულია დანით, რომელსაც აქვს წარწერა “ვოლკ”

თბილისში, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კითხვები მკვლელობის იარაღთან დაკავშირებით დაუწვეს, კერძოდ, რატომ არის გაღუნული დანის პირი, რომელი დანით არის განხორციელებული სასიკვდილო ჭრილობები და საქმეში ფიგურირებს თუ არა ​მესამე დანა, რატომ არ არის დადგენილი მისი მფლობელი, თუ არ ფიგურირებს, რის საფუძველზე გამორიცხა გამოძიებამ მესამე დანის არსებობა?

პროკურორმა წარმოადგინა მტკიცებულებად ამოღებული დანების 4 ფოტო, თუმცა, მისი დასაბუთებები დეპუტატებისთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.

როგორც ზვიად ფხაკაძე აცხადებს, დანა, რომლის წვერიც თითქოს გაღუნულია დათვალიერებულია მიკროსკოპულად და დანის წვერის გაღუნვა დასტურდება, თუმცა ეს არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით.

“დანა დასურათებულია ექსპერტების, მაია ნიკოლეიშვილისა და ოთარ ჯოხაძის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ. როდესაც სამხარაულის ექსპერტიზამ დაასრულა კვლევა და ჩაატარა ექსპერიმენტური ცდები, მუყაოს ნაჭერზე. მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერდა დანის წვერი გაღუნვასთან დაკავშირებით და დაფიქსირდა თვალით უხილავი დეფორმირება. მე პირადად მეჭირა ხელში ეს დანა. სასამართლო სხდომაზე, ადვოკატებსაც მიეცათ მისი დათვალიერების საშუალება. გაღუნვა დანას არ აღენიშნებოდა”, – აცხადებს ფხაკაძე.

​მისივე განმარტებით, რადგან დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არ არის გამორიცხული რომ გაღუნული პირი ქარხნული წუნით იყოს გამოწვეული. პროკურორი არ გამორიცხავს დანას ხელახლა ჩაუტარდეს კვლევა.

​მესამე დანის არსებობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პროკურორმა განმარტა, რომ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ფიგურირებდა ორი დანა. რაც შეეხება გ.მ -ს დაზიანებას, თუ რა ვითარებაში და როგორ მიიღო მან ეს დაზიანება, ამაზე გამოძიებას ამომწურავი პასუხი არ აქვს.

“თუ დავუშვებთ იმ შესაძლებლობას რომ დ.ღ-ს ჰქონდა დანა და დააზიანა გ.მ ეს მხოლოდ ვერსიაა. გ.მ-ს რომ დაზიანება მიყენებული აქვს დანით, ეს არის სავარაუდო ვერსია. ​დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მიმართ სხვა დანა, გარდა იმ ორისა, რაც გამოძიებამ ამოიღო, არ ფიგურირებს. ეს დასტურდება ​მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე დაკითხული ყველა პირის, 25 მოწაფის დაკითხვის შედეგად”, – აცხადებს ზვიად ფხაკაძე.
​მისივე განმარტებით, მოკლული არასრულწლოვნების ჭრილობების მორფოლოგიურ სურათს რაც შეეხება, ექსპერტიზა ადგენს, რომ შესაძლებელია მიყენებულია ორივე დანით, მაგრამ არის ჭრილობები, რომლებიც გამორიცხულია მიყენებული იყოს შავტარიანი დანით, ეს არის სარალიძის სხეულზე არსებული N12 და N14 ჭრილობები, ხოლო ლევან დადუნაშვილი მოკლულია დანით, რომელსაც აქვს წარწერა “ვოლკ

დეპუტატების კითხვაზე, თუ ვინ რამდენი ჭრილობა მიაყენა მოკლულებს, ამის ზუსტი ციფრების დასახელება პროკურორმა ვერ შეძლო.

როგორც საპარლამენტო კომისიის წევრები აცხადებენ, უამრავი მოწმე ამბობს, რომლებიც აცხადებენ, რომ მ.კ ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ არ იციან დანას ურტყამდა ის თუ მუშტს.



მსგავსი თემები