“ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად” – ესტონეთის ელჩი

“ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს”, – ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა, კაი კაარელსონმა განაცხადა.

„24 თებერვალს ესტონეთის ეროვნულ დღესასწაულს ვზეიმობთ. ამ ღონისძიების გასამართად ჩვენ თბილისის კლასიკური გიმნაზია ავირჩიეთ, რადგან ესტონელები მიიჩნევენ, რომ განათლება არის სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნისთვის. განათლების ხარისხის მიხედვით, ესტონეთი მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. ჩვენ პირველები ვართ ევროპაში და მეხუთე ადგილზე ვართ მსოფლიოშიც, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეფექტიანად ვახორციელებთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმირებას.

ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება საქართველოს. განათლება ასევე არის ქვაკუთხედი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის საქართველოსთან. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიეთ ეს ადგილი. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას და ვაკეთებთ ყველაფერს საქართველოს დასახმარებლად, რათა მან ასევე განახორციელოს თავისი განათლების სისტემის მოდერნიზება, მიაღწიოს კეთილდღეობას და ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს“,- განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

თბილისის პირველ გიმნაზიაში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩომ საზეიმო ღონისძიება გამართა.

ესტონეთის დამოუკიდებლობიდან 102 წელი შესრულდა. ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები