“ტელეფონი მცირეწლოვან შვილს მივეცი და სად წაიღო არ ვიციო” – ზვიად კუპრავამ გამოძიებას მტკიცებულებები არ გადასცა 

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ზვიად კუპრავამ გამოძიებას არ გადასცა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლის შესახებაც ის საჯაროდ საუბრობდა.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, ზვიად ​კუპრავა დაბარებული იყო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, რათა მის ხელთ არსებული ჩანაწერები წარედგინა გამოძიებისთვის. პირველ ჯერზე განაცხადა, რომ ჩანაწერები ტელეფონში ჩაიწერა და გადასცა ზაზა სარალიძეს. მოგვიანებით თქვა, რომ ტელეფონი სახლში აქვს, მაგრამ ის დაზიანებულია.

პროკურორის თქმით, კუპრავა ასევე საუბრობდა, რომ მას ჰქონდა ხელნაწერი მტკიცებულებებიც, სადაც ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ბავშვების გამოკითხვისას მნიშვნელოვან ჩანაწერებს აკეთებდა და არასრულწლოვნებთან გასაუბრების ამსახველ მონაცემებს ინიშნავდა.

” კუპრავა ამბობდა, რომ ის აკეთებდა ხელნაწერებს და ბავშვებთან გასაუბრების ამსახველ მონაცემებს ინიშნავდა. ასევე ჰქონდა აუდიო ჩანაწერი. საგამოძიებო ორგანომ კუპრავას შესთავაზა გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით წარმოედგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. იგივე დაზიანებული ტელეფონი, რომელსაც ჩაუტარდებოდა ექსპერტიზა და მასზე არსებული ინფორმაციას გადმოვწერდით. კუპრავამ ამაზე განაცხადა, – ტელეფონი მცირეწლოვან შვილს მივეცი და სად წაიღო არ ვიციო. ფაქტობრივად აღმოჩნდა, რომ ტელეფონი აღარ ჰქონდა კუპრავას. ხელნაწერებზეც განაცხადა, რომ არ იცის სად აქვს”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

მისივე თქმით, შსს-მ ასევე მიმართა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს, მიეწოდებინათ გამოძიებისთვის მტკიცებულებები, მაგრამ უშედეგოდ.

“16 მარტს მივწერეთ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ს. ამის შემდეგ 30 მარტს შეხსენება გავაკეთეთ და დედნის ნაცვლად მივიღეთ ეთერში გასული რეპორტაჟი, სადაც ხმის იდენტიფიკაცია შეუძლებელია”, – აცხადებს ფხაკაძე.

​მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან კუპრავასთან და “რუსთავი 2”-თან კომუნიკაციის შესახებ ოქმი ასევე დევს საქმეში.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე განმარტავს, რომ მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს დედნის სახით, სხვა შემთხვევში შეუძლებელია ხმის იდენტიფიცირება. შესაბამისად, გამოძიება თავის დასკვნას ასლზე დაყრდნობით ვერ გამოიტანს.

მსგავსი თემები