რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, მან სცადა ფინანსთა მინისტრის დარწმუნება, დღეს საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ვანო მაჭავარიანი დღეს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე მაინც არ მივიდა, როგორც რომან კაკულია აცხადებს, მომხდარს რეაგირება რეგლამენტის მიხედვით მოჰყვება.

„ფინანსთა მინისტრი მობრძანებას არ აპირებს. დილით მქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე განემარტა მიზეზები. მქონდა მასთან კომუნიკაცია, რომ დამერწმუნებინა გადაწყვეტილება რეგლამენტის სასარგებლოდ მიეღო. ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანი იყო. არგუმენტის ადამიანურად მესმის, თუმცა, ვფიქრობ, რომ რეგლამენტი უფრო მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. მზად ვართ კვლავაც ვიხელმძღვანელოთ რეგლამენტის მიხედვით და რეაგირება მოვახდინოთ. რას ვგულისხმობ რეაგირებაში, ამაზე საპროცედურო კომიტეტთან ერთად შევჯერდებით. ვცდილობდი დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლოდ, ვერ ვიძალადებდი,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

მოგვიანებით განმარტება ჟურნალისტებთან ივანე მაჭავარიანმაც გააკეთა. მინისტრი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხებზე მან რამდენიმე დღის წინ ვრცლად ისაუბრა.

„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში – გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.

როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითხვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“- განაცხადა მაჭავარიანმა.

.შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

მსგავსი თემები