საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას საერთაშორისო მედია ეხმაურება

გასულ წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმას მსოფლიოს ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებიან. მომხდარი აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაშიც.

იტალიური მედია წერს, რომ საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი  ბრალს დებენ რუსეთს  „თავზეხელაღებულ“ კიბერნეტიკულ შეტევაში. იტალიურ გამოცემებში ასევე გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის განაცხადება.

იტალიური გამოცემა “agenzianova” აქვეყნებს სტატიას სათაურით – საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს 28 ოქტომბრის რუსეთის ჰაკერულ შეტევას.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ინფორმატიკული შეტევები საქართველოს წინააღმდეგ.

სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომელმაც დაგმო გრუ-ს ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცენტრის მიერ გასულ ოქტომბერს განხორციელებული შეტევები. 

„2019 წლის 28 ოქტომბერს გრუს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება საფრანგეთის პრესაც.

გამოცემა RFI-ში გამოქვეყნდა საქართველოში სპეციალური კორესპონდენტის, რეჟის ჟანტეს სტატია სათაურით – საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის გრუ-ს კიბერშეტევაში ადანაშაულებენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. 

“გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმ  განაცხადა, რომ გრუ-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია”.

ავტორი ასევე იმოწმებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას:

„ამ ოპერაციის მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც რეჟის ჟანტე აღნიშნავს, კიბერშეტევამ აჩვენა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული დათბობის პოლიტიკა არ იცავს მას ამ უკანასკნელის აგრესიისგან.

აღნიშნულ თემაზე ინფორმაციები გამოქვეყნდა ასევე, გამოცემებში, Le Figaro და Le Monde-ში.

ნიდერლანდური პრესა კი წერს, რომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გმობს რუსეთის ამ ქმედებას:

„მსგავსი ქმედება ცდება გაეროს მიერ პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს კიბერსივრცეში ქცევის ნორმებს და უგულებელყოფს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.

სტატიებში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარმა კიბერშეტევამ საქართველოში 15000-მდე სახელმწიფო და კერძო ვებგვერდს საფრთხე შეუქმნა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მსგავსი თემები