საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ევროკავშირი გმობს

“ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს კიბერმედეგობა”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

ბორელი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„შეშფოთებული ვართ კიბერსივრცეში უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედების ზრდის გამო და გავაგრძელებთ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელსაც კიბერსივრცე უქმნის როგორც შიდა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროკავშირი და მისი წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიერონ თანამშრომლობა, გლობალური, ღია, სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და კანონის უზენაესობა სრულად გამოიყენება. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ხაზს უსვამენ თავიანთ ვალდებულებას, გააგრძელონ კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ხელშეწყობა. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მსგავსი თემები