“რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეში ჩარევას” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

„ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე ვტოვებთ, რომლებმაც ეს კომენტარები გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეში ჩარევას“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს, კიბერდანაშაულის გამოვლინებების წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამშრომლობა შესთავაზა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული  ეკონომიკის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები თავდასხმებს  უცხოეთიდან იღებს და შესაბამისი უწყებები ამის საწინააღმდეგოდ მუდმივად იბრძვიან. პესკოვის თქმით, რუსეთი არაფერ შუაშია და არასდროს იყო კავშირში კიბერშეტევების დანაშაულთან.



მსგავსი თემები