ხორავას ქუჩაზე ფარდული მოსახლეობამ დაანგრია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ერთ-ერთი მთავარი კითხვა გამოძიების მიმართ არის, ის, თუ რატომ დაინგრა ფარდული, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ადგილი იყო და საქმის მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო.

​როგორც დღეს პარლამენტის სპეციალურ კომისიას დაკითხვაზე შსს-ს წარმომადგენელმა, დეტექტივების სამმართველოს განყოფილების უფროსმა კახა სირაძემ განუცხადა, ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათგან დამოუკიდებლად მიიღეს.

კახა სირაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილი სრულად არის დათვალიერებული და დასურათებული და ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

„კანონმდებლობით, შემთხვევის ადგილი დაცულია მანამ, სანამ შემთხვევის ადგილი დათვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. ამასთან, დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად.  საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ.  ეზო მოიცავს ფარდულსაც და შემთხვევის ადგილი იყო მთლიანად ეზო. საყოველთაო სარგებლობის ფართიცაა. ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და მოსახლეობაც წუხდებოდა. რაც შეეხება მის პარამეტრებს, ამ ტერიტორიას გააჩნია კონტურები, რადგან ის მიწაშია შეჭრილი და მისი აღდგენა არ გაჭირდება“, – განაცხადა კახა სირაძემ.

მსგავსი თემები