„ამ ეტაპზე, ჩვენი სადავო საკითხია „ჩიჩხიტური“ და „უდაბნო“, რომელზეც მუშაობა გრძელდება“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ქართული მხარის მიერ სადავო საკითხს არ ეხება.

როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპისთვის, სიახლე არც სპეციალურ კომისიასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მუშაობს.

„როდესაც საუბრობენ პრობლემაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით, მხედველობაში უშუალოდ ლავრა არ უნდა გვქონდეს, არამედ მიმდებარე კომპლექსი, ქედს იქით. იქ ვითარება უცვლელად მძიმეა. არაფერი შეცვლილა ბოლო პერიოდში, ისევ ვერ გადავდივართ ქედს იქით. კომისიის მუშაობას რაც შეეხება, არც ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს, ჩვენი ინფორმაციით არის ბერთუბნის ფოტოები რომელიც დღეს გავლებული საზაზღვრვრო ზოლის მიხედვით აზერბაიჯანის სიღრმეში მდებარეობს. ბერთუბანიც , ძველი ქართული ძეგლია, თუმცა ჩვენი სადავო საკითხი ამ ეტაპზე, უშუალოდ ქედს იქით მდებარე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსია, რომელზეც მუშაობა გრძელდება“ – განუცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანის მხარე დავით გარეჯს ასუფთავებს, დროშებს ამაგრებს და ქართული ტაძრებიდან სიწმინდეების ნაწილი გატანილია.


მსგავსი თემები