„მათი ტაქტიკა და სტრატეგია იყო ადამიანის დათრგუნვა და სიცოცხლის წართმევა”- გია ვოლსკი

“დამხობა” ყველაზე რბილი გამოთქმაა  იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა.

„ეს არის ადამიანი, ვისაც ის ორი გვამი არა მარტო მოთხოვნილი აქვს. ეს რეალურია და ის დანაშაულებები რეალობაში ჩაიდინა.

ამას განა არ აღიარებს ვინმე ან მათ ჯგუფში, ან საერთაშორისო დონეზე, ან ჩვენს საზოგადოებაში?! მათი ტაქტიკა და სტრატეგია იყო ადამიანის დათრგუნვა და სიცოცხლის წართმევა, ეს მიაჩნიათ სწორად. ამაზე ილაპარაკა ვანო მერაბიშვილმა, რომ გამოვიდა. სიტყვა დამხობას სამართლებრივ მუხლს ვერ მიუყენებ, მაგრამ ზოგადად, დავინახოთ, ვისთან გვაქვს საქმე. დამხობა ყველაზე რბილი გამოთქმაა, იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება”, რაც მისი თქმით, „აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია”. ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მმართველი პარტია ჩამოსცილდება, „მატროსოვის” „კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.

მსგავსი თემები