უკრაინული დელეგაცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს სტუმრობს

  •  

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

სტუმრებს უმასპინძლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ყირიმის რესპუბლიკაში ანტონ კორინევიჩი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ  უფლებადამცველი ნარიმან უსტაევი, უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანი და ტატიანა კოლპაკი.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს,   შეხვედრისთანავე ხაზი გაესვა, რომ ოფიციალური საუბარი ოკუპანტის ენაზე არ გაიმართებოდა, ამიტომაც თარჯიმნობა ქართული და უკრაინული ენის უბადლო მცოდნემ ტატიანა სიდორუკმა გასწია.

სტუმარ-მასპინძლებმა თავდაპირველად წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინაში ოკუპანტთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

ორივე რესპუბლიკაში იდენტური სიტუაციების, ადამიანის უფლებათა შელახვის,  ქონებრივი, საკუთრების უფლების დარღვევის, ოკუპაციის, სტრატეგიული ინტერესების, გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისათვის მიზანმიმართული საქმიანობის ერთობლივად წარმოებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების აუცილებლობაზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

თამაზ ხუბუამ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით იურისტთა ჯგუფი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ ანალიზს ამზადებს“ და ამ და ოკუპაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სამუშაოდ ამჯერად მივლინებით უცხოეთში იმყოფება. დაისვა საკითხი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისთან მემორანდუმის გაფორმების თაობაზეც.

მსგავსი თემები