“გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო” – “კადეტთა კორპუსის” მობინადრეები შველას ითხოვენ

თბილისის მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩაზე მდებარე “კადეტთა კორპუსის” მობინადრეებს ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა პრობლემა შეუქმნა. მწვავე ავარიული შენობის მცხოვრებლები დიდი ხანია გამგეობისა და დედაქალაქის მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

“გარეთ ცა ჩამოიქცა, შიგნით – ჩვენი სადარბაზო, ანუ შენობა, რომელსაც ისედაც სული კბილით უჭირავს! ჭერი და კედლები ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ ძლიერი წვიმის დროს შიგნით უფრო მაგრად წვიმს, ვიდრე – გარეთ. ირეცხება სამი სართული და გაჯნარევი ტბების დაშრობას ერთ კვირას მაინც ვანდომებთ. ცოტა ხანში გვალვები დადგება და კედლების ჩამონგრევა მერე ნახეთ!

ამ კოშმარში ერთი სასიამოვნო დეტალი მაშველების მოსვლა იყო. მაგარი ხალხია. აძვრნენ სახურავზე, რაღაცები გაწმინდეს, მიწიეს, მოწიეს, ხელით რაც შეძლეს და მერიას შეატყობინეს, ორშაბათიდან თქვენ მიხედეთ, თქვენი გასაკეთებელიაო. იქნებ ისე გადახუროთ, რომ ასე აღარ ჩარეცხოს წვიმამო. ორშაბათიც გათენდება, მაგრამ თუ გვითხრეს ძველებურად, 2020-დანო, ეგ იქნება სეირი. ვერ გაძლებს კიდევ ორი წელიწადი, თორემ აბა, ჰა, იწვიმოს, ივნისის წვიმას და დატბორილ სადარბაზოებს რა სჯობია, მით უფრო, თუ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ხელისუფლება, კანონით, ცივ ნიავს არ უნდა აკარებდეს!”, – წერს სახლის მობინადრე, ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და შენობის ფოტოებს ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ​თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში უარს ამბობენ “კადეტთა კორპუსის” რესტავრაციაზე და აცხადებენ, რომ ეს გამგეობის ფინანსურ შესაძლებლობას აღემატება. ძეგლის ავარიულობის ხარისხი IV კატეგორიას განეკუთვნება, რაც კომპლექსური სამუშაოების ჩატარებას და სპეციალიზებულ მიდგომას გულისხმობს. გამგეობის წარმომადგენლები სახლის მცხოვრებლებს ურჩევენ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და კანონის ფარგლებში, საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაცია მოითხოვონ.



 

მსგავსი თემები