“შოთაძის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის პროკურორობის პერიოდს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის ეფექტური იყო.

„ირაკლი შოთაძე ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც,  ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შოთაძის მუშაობის პერიოდში, პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგს, ნარკოდანაშაულის საქმეებს და ა.შ.“ – განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალი პროკურორია.

„მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია. რაც შეეხება მის გადადგომას, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ როდესაც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას მასთან კითხვები გაუჩნდა, შოთაძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. მან მთელ საზოგადოებას აჩვენა, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ მორალური პრინციპები და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები