„პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“ – აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის მიმართვა ხელისუფლებას

 „როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიისწრაფის ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ უმცირესობაში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა განაცხადა.

ალი ბაბაევი თვლის, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ცივილური დიალოგი უნდა დაიწყოს.

„მაშინ, როცა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესებს. მსოფლიო მშვიდობისკენ მიისწრაფის და საქართველო არ უნდა იყოს ამ დიალოგის მიღმა. იგივე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც დაიწყო საუბრები, მიუხედავად იმის, რომ საომარი მდგომარეობა აქვთ. 30 წელია საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ყოველთვის იჩენს თავს პერიოდულად პრობლემები დესტაბილიზაციის სახით. ოპოზიცია ქვეყნის იმიჯის შელახვას არ უნდა უწყობდეს ხელს. საუბარი უნდა შედგეს რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ჩვენი ინტერესების დაცვით“ – განაცხადა ალი ბაბაევმა.

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე თვლის, რომ ოკუპაციის შესაჩერებელი მთავარი ბერკეტი ცივილური დიალოგია. მისივე განცხადებით, საჭიროა რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებებმა ცივილურ ჩარჩოებში გადაინაცვლოს, ალი ბაბაევს მიაჩნია, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგები უნდა დაიწყოს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები