ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამომძიებელთა ნაწილს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნია

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის პარლამენტში მოსმენა ამ წუთებშიც გრძელდება. ირაკლი შოთაძე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საკუთარ ხედვებს აცნობს. როგორც მან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციების გამიჯნვაა.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციები გამიჯნული იყოს. ასევე, მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის საპროცესო გადაწყვეტილებებში მათ ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები“ – განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა პარლამენტში.

მისივე შეფასებით, გამომძიებლებს  უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეთ, არადა, არის შემთხვევები, როცა ასე არ არის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, გამომძიებელს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შოთაძემ.

მსგავსი თემები